“შაბათის სკოლის” მე-6 კლასის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერა 27 ივნისს ჩატარდება!

შეგახსენებთ, რომ  „შაბათის სკოლის“ მე 3 მოდულის შემაჯამებელი წერა (ტესტირება) ჩატარდება 2024 წლის 27 ივნისს.

 მოდულის წერა ჩატარდება კომაროვის სკოლაში (მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N49). 

ტესტირებაზე რეგისტრაცია დაიწყება - 07:30 საათიდან 

წერა დაიწყება - 08:30 საათზე 

ტესტირების ხანგრძლივობა - 2 საათი და 30 წუთი

ტესტირებაზე მოსწავლე უნდა გამოცხადდეს დროულად. 

ყველა მოსწავლის ნაშრომი (კოდირებული) და გამოყენებული ტესტი აიტვირთება იმავე დღეს სკოლის ვებ გვერდზე. 

აუცილებელია კოდის გამოტანა, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ვებ გვერდზე მოძებნოთ მოსწავლის ნაშრომი და თქვენვე შეამოწმოთ ნაწერი. 

ტესტირების პროცედურასთან დაკავშირებით, აპელაცია მიიღება 27 ივნისს, საღამოს 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com 

პირველადი შედეგები და სწორი პასუხები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2 ივლისისა. 

პირველადი შედეგების აპელაცია მიიღება 3 და 4 ივლისს 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: saapelatsiokomisia@gmail.com. 

საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 8 ივლისს 18 საათამდე.

 წერაზე მოსწავლემ თან უნდა იქონიოს

  • საწერი კალამი, რვეული შავი სამუშაოსთვის, წყალი (პლასტმასის ბოთლით), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ აქვს, სავალდებულო არ არის).
  •  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებას იტოვებს, საჭიროების შემთხვევაში, გადაუღოს მოსწავლეს სურათი შემდგომი იდენტიფიკაციისთვის. 
  • მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს მობილური ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ჩართავს მხოლოდ წერის დასრულებისა და საგამოცდო ტერიტორიის დატოვების შემდეგ, რომ შეძლოს მშობელთან დაკავშირება. 
  • წერის დროს მოსწავლეს არ უნდა ჰქონდეს საათი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, საათიც უნდა შეინახოს ტელეფონთან ერთად.
  •  ნებისმიერი სხვა ნივთის შემოტანა არ არის რეკომენდებული. 

ტესტის სტრუქტურა და საკონკურსო პირობები ტესტის სტრუქტურა: 

  • შემაჯამებელი წერის ტესტი შედგება 25 დახურულბოლოიანი ამოცანისგან. 
  •  19 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხი შეფასდება 2 ქულით.
  •  6 ამოცანა - 6 სავარაუდო პასუხით, სწორი პასუხები, ამოცანების მიხედვით, შეფასდება 2,1 ქულით, 2,2 ქულით, 2,3 ქულით, 2,4 ქულით, 2,5 ქულით და 2,6 ქულით (მითითებული იქნება ტესტში). 
  •  ტესტის მაქსიმალური ქულაა 52,1.

 საკონკურსო პირობები: 

შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერის შედეგად, სკოლის მე-7 კლასში, მიიღება საუკეთესო შედეგის მქონე არაუმეტეს 50 მოსწავლე (განმარტება: 50 მოსწავლეზე მეტი, წერის შედეგად, სკოლაში არ მიიღება. იმ შემთხვევაში, თუ რეიტინგით 51-ე მოსწავლეს და 50-ე მოსწავლეს ექნებათ x (თანაბარი) ქულა, შემაჯამებელი წერით მიიღებიან ის მოსწავლეები, რომლებმაც დააგროვეს x-ზე მეტი ქულა). ვიმეორებთ, კომაროვის სკოლაში, ,,შაბათის სკოლის“ შემაჯამებელი წერით, მე-7 კლასში არ მიიღება 50-ზე მეტი მოსწავლე (კიდევ ერთი მაგალითი: თუ რეიტინგით 43-ე მოსწავლეს ექნება 30 ქულა, ხოლო რეიტინგით 44-ედან 51-ის ჩათვლით მოსწავლეებს ექნებათ 29,9 ქულა, შაბათის სკოლის მე-3 მოდულის შემაჯამებელი წერით სკოლაში მიიღება 43 მოსწავლე). 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდა: 

მე-7 კლასში მისაღები გამოცდის თარიღი და ადგილი გამოცხადდება არაუგვიანეს 1 ივლისისა. 

მისაღებ გამოცდაზე საკონკურსო ადგილების რაოდენობა გამოცხადდება არაუგვიანეს 8 ივლისისა.

 კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!


ზემოთ